საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დღევენდელი გადაწყვეტილებები წინ გადადგმული ნაბიჯია.
როგორც ზურაბიშვილის განცხადებაშია აღნიშნული, ის ასევე მიესალმება ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
"მივესალმები ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანის გეგმას გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რადგან ეს არის ადგილი, რომელიც აკმაყოფილებას ყველა სტანდარტს, როგორც სამედიცინო, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით.
ამდენად, ეს გადაწყვეტილება სრულად პასუხობს სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნას, რომელსაც წინასწარ დაეთანხმა თვით, ყოფილი პრეზიდენტი და განაცხადა, რომ შეწყვეტდა შიმშილობას მულტიპროფილურ კლინკიკაში გადაყვანის შემთხვევაში.
მივესალმები ასევე, ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი და სწორია ოპოზიციის მზაობა არ გამართოს საპროტესტო აქციები კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე, ზოგი პარტიის გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ. დღევენდელი გადაწყვეტილებები წინ გადადგმული ნაბიჯებია, რაც საზოგადოების დაწყნარებასა და ქვეყნის სტაბილურობას უზრუნველყოფს", - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.
იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.
ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
გუშინ, 18 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მასთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა.
მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ.
დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. ის კლინიკაში რეაბილიტაციისთვის გადაიყვანეს. ხოშტარია საკანონმდებლო ორგანოში 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა.